გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები, რეფერალურ საავადმყოფოსთან გუშინაც შეიკრიბნენ. მათი თქმით, 34 წლის ნინი კაცაძემ ოპერაცია დაახლოებით ორი თვის წინ გაიკეთა. სახლში გაწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. ახლობლები მედიკოსებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ 12 დღის წინ პაციენტი კლინიკაში განმეორებით მოათავსეს. მათი თქმით, რეანომობილით პაციენტის თბილისში გადაყვანაც სურდათ, რაზეც უარი მიიღეს.
ახლობლები კლინიკის მედიკოსებს მუქარაშიც ადანაშაულებენ, როგორც ამბობენ თბილისიდან მოწვეული ექიმი სწორედ მუქარის გამო არ ჩამოვიდა. საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, კლინიკაში შესასვლელად საჭიროა ექიმმა ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს.
გიორგი ნიორაძის თქმით, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს ახლობლებისთვის პაციენტის რეანომობილით გადაყვანაზე უარი არ უთქვამთ. საკითხთან დაკავშირებით განმარტებები ჰოსპიტალური განვითარების მენეჯერმაც გააკეთა. ეკა ქავთარაძის თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში იშემიური ინსულტით შეიყვანეს, რაც ორი თვის წინ ჩატარებულ ოპერაციასთან, არანაირ კავშირში არ არის.