ბათუმის აქციის საქმე, წლის ყველაზე გახმაურებულ საქმეებს შორის პირველობას თანდათან კარგავს. ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური თემა - “ბირჟა მაფიის” წევრების საქმეა.
საქართველოს პროკურატურამ 2 დღეში გადაწყვეტილება შეცვალა და დაკავებული რეპერების აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე უარი თქვა. რატომ? მთელი დღეა ჟურნალისტები სვამენ კითხვას - უკავშირდება თუ არა ეს მოსახლეობის პროტესტს? და თუ მართლაც დამტკიცდება პოლიციელების გადაცდომა, დადგება თუ არა დღის წესრიგში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის საკითხი? ჯამში 70 ათასი ლარის სანაცვლოდ, სასამართლომ დაკავებულ რეპერებს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ერთ-ერთი მუსიკოსი ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები “ჩაუდეს,” მეორე კი ამტკიცებს, რომ მისი ჩვენება გააყალბეს და რეალურად, იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელებს აშარჟებენ. სწორედ ამ სიმღერის შესრულებით დატოვა დარბაზი მიხეილ მგალობლიშვილმა.