„კამიტი“ გამოირიცხა, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას - პრემიერი

48 წუთის წინ 88 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე, რომ კამიტი არ გამოყენებულა, ეს ინფორმაცია არის უტყუარი, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას.

„გამოძიება როცა დასრულდება, დეტალური ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაც. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეკა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას. ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა-არარსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლო სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაშუალებებს. კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ეს ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას. ამ თემაზე მუშაობენ სუს-ი და შსს. შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა. ეს ინფორმაცია არის უტყუარი. დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბიბისიმ“, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად.

„როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. შესაბამისად, რაც მოიტყუეს „ბიბისისთან“, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად, უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ. „ბიბისი“ ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც უკვე ყველაფრის მაჩვენებელია და ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას, ნივთიერება „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით. არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბიბისიმ“, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში