ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა

18 ნოემბერი 2025, 22:28 90 ნახვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებს მიეძღვნა სიტყვით გამოვიდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ბოლო პერიოდში მუდმივი საცხოვრებელი გადაეცა 61 000 ოჯახს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, ჯერ 1992 წელს და შემდეგ 2008 წელს, ამ ტერიტორიებზე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. მუდმივად ილახება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის უფლებები. ეთნიკურად ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა არ ეძლევათ სკოლებში განათლება მიიღონ ქართულ ენაზე. მიმდინარეობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობა, რაც გამოიხატება ქართული ეკლესიების, სასაფლაოებისა და ქართველების სახლების ნგრევით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე უკრაინელ ლტოლვილებზე, რომლებიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში მყოფი 30 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რითაც სარგებლობენ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მონაწილეობენ, რომელიც 17-19 ნოემბერს სტამბულში ტარდება.

 

 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე