არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა - შალვა პაპუაშვილი

17 ნოემბერი 2025, 13:02 138 ნახვა

საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.

„მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა კი საჭიროებს მოწესრიგებას. ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია, დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიცირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს.

შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი. ეს ცვლილებები, არსებითად, ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.

კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული, პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება.

ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს.

არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო, პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას.

ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და არის ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს.

დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, რადიკალურად ურთიერთსაპირისიპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე