საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 17 წელი შესრულდა. საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით ფოფხაძემ მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. საზეიმო ღონისძიებაზე უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ხონის პირველი საჯარო სკოლისა და ვარლამ ძიძიგურის სახელობის საჯარო სკოლის მე -10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ გაიმართა.
მოზარდებს, სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებული სიმულაციების ცენტრისა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების გარდა, შესაძლებლობა ჰქონდათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებისგან წვევამდელთა გაწვევის განახლებული პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.