ადამიანურად ძალიან დასანანია ის, რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან.
„მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა დამატებითი კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება.
მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას, 2024 წლის 8 თებერვლიდან შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსცა საქართველოს მთავრობამ. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამოქვეყნებული. 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, უფრო მეტიც, კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა. რაც შეეხება ენერგეტიკას, რაც შეეხება პირდაპირ პრივატიზაციას და ა.შ. ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ.
„მე შემიძლია, დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. მინდა, შეგახსენოთ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადა პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო. შარშანდელი წელი იყო ძალიან რთული, მათ შორის იყო საარჩევნო წელი, იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. ამ პირობებში ჩვენ გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით. მათ შორის ერთ-ერთია კორუფცია. როდესაც მუდმივად ცდილობენ, გარყიონ გარედან ხელოვნურად, ეს საბოლოო ჯამში ასუსტებს სახელმწიფოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც.
დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, როგორც არასდროს, დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. შეგიძლიათ, ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მთავრობის ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი პრივატიზაცია, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს გავცემთ პასუხს, ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ასეთ ფაქტს. მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი. 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ, ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში რადიკალური ნაბიჯები გადავდგით – რა დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე