დღეს მსოფლიოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა, დაწყებული ომებით და დამთავრებული მოჭარბებული სიძულვილით, რომელიც არის საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოველში, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პრობლემა გვერდს ვერ უქცევს ვერც საქართველოს.
"ამ ვითარებაში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი სენი არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში, არამედ სხვადასხვა საზოგადოებაში. ყველას მინდა გისურვოთ სიყვარული, რწმენაში გაძლიერება, ისევე, როგორც ჩემს თავს მინდა ვუსურვო რწმენაში გაძლიერება. ჩვენი ისტორია გვასწავლის, როდესაც ჩვენი ერი იყო რწმენაში ძლიერი, მას ვერავინ ამარცხებდა და ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე ჩვენი ერი იქნება ძლიერი რწმენაში, ვიდრე იქნება რწმენა და სიყვარული ღმერთის მიმართ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო იქნება ძლიერი. ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე