საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის შექმნაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, ეფექტური რეგულაციებისა და ზედამხედველობის მეშვეობით, იგი უზრუნველყოფს როგორც ახალი ტექნოლოგიების და მომსახურებების დანერგვას და განვითარებას, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რაც ქმნის ნდობას ფინანსური სექტორისადმი და აძლიერებს მომხმარებელთა ჩართულობას.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ახდენს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, შესაბამისი ნებართვის ან ავტორიზაციის გარეშე ახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.
„როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინებით აქვთ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საბროკერო კომპანიებს. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი. გარდა ამისა, მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. ასევე, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. შესაბამისად, პირმა, რომელიც აპირებს განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რეგისტრაცია“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიღებამ ისეთი სუბიექტისგან, რომელიც არ ფლობს ზემოაღნიშნულ რეგისტრაციას, შესაძლოა გამოიწვიოს მათი შეცდომაში შეყვანა და ფინანსური ზარალი.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმოთ, მსგავსი პირის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები. ამასთან, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ვირტუალური აქტივის მომსახურებას ახორციელებენ ან შესაძლოა ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე. დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აღნიშნულ ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცავ ორგანოებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე