„ლელოს“ რამდენიმე წევრმა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დათო ნადირაშვილმა და დომენტი ქორქიამ, ასევე პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატმა ლევან რევაზიშვილმა, პარტია დატოვეს. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ემიჯნებიან ძალადობასა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას.
"მე, პარტია "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვემიჯნები ძალადობას, არ გავხდები ძალადობის თანამონაწილე. როგორც ვხედავთ ჩვენს პარტიას არეულობის იმედი უფრო აქვს ვიდრე არჩევნების, რაც არის ჩემს მიერ პარტიის დატოვების მიზეზი", - წერს სოციალურ ქსელში დათო ნადირაშვილი.
როგორც „ლელოს“ პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატი ლევან რევაზიშვილი წერს, ტოვებს პარტიას და ემიჯნება ძალადობას.
„მე ლევან რევაზიშვილი პარტია „ლელოს“ პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატი ვიზიარებ ჩემი თანაპარტიელის დავით ნადირაშვილის შეხედულებებს, ვემიჯნები ძალადობას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას და მეც ვტოვებ პარტიას", - წერს ლევან რევაზიშვილი.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დომენტი ქორქიამაც დატოვა პარტია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე