მინდა, საქართველოს მოქალაქეები გავამხნევო, ასევე მადლობა გადავუხადო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გონიერება, სიბრძნე რომ არა, დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების ამ ეტაპზე არ იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
ყაველაშვილის თქმით, ერთადერთი შეფერხება, უფრო მეტი ტემპით, რომ არ ვითარდება საქართველო, ეს არის გარედან მართული რადიკალების ქმედებები.
„მინდა, ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად, წყნარად. არაერთი პარამეტრებით არის შეფასებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, საქართველო მოწინავე რიგებშია განვითარების პროგრესით. პირველ რიგში, მინდა, საქართველოს მოქალაქეები გავამხნევო, ასევე მადლობა გადავუხადო, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გონიერება, სიბრძნე, დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების ამ ეტაპზე ნამდვილად არ იქნებოდა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის წინაშე, ვინც კარგად ერკვევა არსებულ სიტუაციაში და აკეთებს არჩევანს ყოველთვის საქართველოს განვითარების მიმართულებით. ეს არის მთავარი გზავნილი.
ერთადერთი შეფერხება, უფრო მეტი ტემპით, რომ არ ვითარდება საქართველო, ეს არის გარედან მართული რადიკალების ქმედებები, რომლებიც ამ ყველაფერს უარყოფენ. ასევეა მცირე რაოდენობა ჩვენი საზოგადოების, რომელიც მოტყუებულია, ზოგი არის დაფინანსებული, სამწუხაროდ, არიან ამ სიცრუის ქვეშ და ახორციელებენ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ქმედებას. ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გაგრძელდება. საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ ბრძენი. მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარების ტემპები ყველასთვის მისაბაძია, სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი, ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს. ამიტომ ყველა ინსტიტუციას აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, ყველა შეასრულებს თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას და ვალდებულებას, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რადგან არჩევანი არის ძალიან მარტივად გასაკეთებელი. ეს ტემპები არაფრის დიდებით არ შეჩერდება, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, გამთლიანება და კიდევ უფრო მეტად წინსვლა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე