დანიაში ვიზიტის დროს გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
„საინტერესო ფორმატია, აქ გვაქვს გამოსვლის საშუალება და, რაც მთავარია, გვაქვს ორმხრივი შეხვედრების გამართვის საშუალება სხვადასხვა ფორმატში. ამ ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ ლიდერთან, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ყველაფერი თუ გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ეს მზაობა გამოვხატეთ ძალიან მკაფიოდ, შესაბამის ლიდერებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ქართული მხარე ნებისმიერ დროს მზადაა გახსნილი, ღია შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში, იმისათვის, რომ განხილულ იქნას საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები.
„ბატონ მაკრონთან ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე. რაც შეეხება შეხვედრებს, შეხვედრებს აქვს დახურული ხასიათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ამ შეხვედრების შინაარსზე. ძალიან კონსტრუქციული საუბრები მქონდა რამდენიმე მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის, ბატონ მაკრონთან. ზოგადი სურვილი გამოიხატა არაერთი ლიდერის მხრიდან, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია ქმედით ნაბიჯებზე. ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ყველას მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, დისკუსია ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ჩვენი საერთო გზავნილი. თვითონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ კოშტასთან გვქონდა გასაუბრება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არაერთი ქვეყნის, მათ შორის, დიდი გავლენის მქონე ქვეყნის ლიდერთან გვქონდა საუბარი და ყველგან ვსაუბრობდით ამ საერთო გზავნილით – ჩვენ გვინდა გადატვირთვა და ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო. მაგალითისათვის – ნებისმიერ დროს მზად ვართ გახსნილი, ღია შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში, იმისათვის, რომ განვიხილოთ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. იმედი გვაქვს, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადმოიდგმება მათი მხრიდანაც“, - განაცხადა პრემიერმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე