დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:
''დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ჩვენი მხრიდან გაეცემა პასუხი. თუმცა არსებობს კითხვები, რომელსაც ამჟამად ზოგადი პასუხი მაინც უნდა გაეცეს.
სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ადვილად შესამჩნევია ერთი გარემოება, რომ ჟურნალისტების, სტუმრებისა და ადვოკატების მხრიდან ხშირად გარკვეული მინიშნებები კეთდება დეკანოზ გიორგი მამალაძის სადაო ქმედებებთან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის კავშირზე, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, თითქოს ამით ვიღაც არის დაინტერესებული. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო 22 მაისს, 20 საათზე, ტვ პირველის ეთერში გასული გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”, სადაც დეკანოზის ადვოკატი საუბრობს ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საქველმოქმედო საქმიანობაზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეპარქიას და მის მღვდელმთავარს არ გააჩნდა ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ინფორმაცია შევიტყვეთ ტელევიზიის საშუალებით.
ეპარქიაში არანაირ საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპარქიის მღვდელმთავართან საუბარი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება ჩაქვის სკოლის მშენებლობას, რომელიც ადვოკატების მხრიდან იქნა გაჟღერებული არასწორია, რადგან ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა აშენდა და ფუნქციონირებს 1998 წლიდან, რომელსაც გარკვეული პერიოდი თავადვე ხელმძღვანელობდა.
ხოლო რაც შეეხება მის საქართველოს საპატრიარქოში საქმიანობას, ის 2015 წლის 16 ნოემბრიდან… სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ და გამწესებულ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ის ვალდებული იყო ყველა მისი ქმედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეეთანხმებინა. ხოლო რაც შეეხება დასახელებულ თანხას, ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით ამის შესახებ, ჩვენ ეს მასმედიის საშუალებით შევიტყვეთ.
კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს გამოძიების დასრულებისთანავე ჩვენ ამომწურავ პასუხებს გავცემთ.'' -ნათქვამია განცხადებაში