საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი მეწარმე სუბიექტის მიმართ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელევს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მათ თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - ჯამში 865 904 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მობილიზების მიზნით.
საგამოძიებო სამსახური მეწარმე სუბიექტებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დროულად უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდა.