ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი სტუმრობდა

28 ივლისი 2025, 10:26 73 ნახვა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ Colangelo & Partners-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ იანონი (Paul Yanon) და მასტერ-სომელიეები, რომლებსაც აშშ-ის სხვადასხვა შტატში მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებსა და ჰორეკა სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

მასტერ-სომელიეები ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის, გავლენიან და მოთხოვნად ექსპერტებად ითვლებიან, რომელთაც ღვინოსთან დაკავშირებული დიდი გამოცდილება აქვთ. ამჟამად, მასტერ-სომელიეს ტიტულს მსოფლიოში მხოლოდ 279 ადამიანი ფლობს.

ტურის ფარგლებში, ამერიკელი მასტერ-სომელიეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
სტუმრებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტებია, სადაც სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს.

„Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში