თვალჭრელიძის N1-ში მდებარე ხუთი შენობა ამორტიზებულია, მოვუწოდებთ უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება - აღსრულების ბიურო

24 ივლისი 2025, 10:36 208 ნახვა

აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.

„აღნიშნული სააღსრულებო წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო 2024 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება. მხარეთა შორის მორიგების, მათი ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობით გამოსახლების პროცესი უკვე გადადებულია ორჯერ. საქმეში, აღსრულების პოლიციასთან ერთად, ჩართული იყო ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი, სოციალური მუშაკები. განხორციელდა ათეულობით ვიზიტი მისამართზე. ინდივიდუალურადაა შესწავლილი იქ მცხოვრებთა პირობები და საჭიროებები; მიმართულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების გამოყოფისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, „მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა“.

„მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია – 24 პირი; ბინასა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს – 29 პირს; შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი“, – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი