ბრიუსელმა რატომღაც ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით, უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს - შალვა პაპუაშვილი

22 ივლისი 2025, 09:56 113 ნახვა

რამდენიმე დღეა, პროპაგანდისტული მედია „არკვევს“, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა „გამორკვევის“ მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, „სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს“.

„მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა, რატომღაც (?), რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც, უვიზო მიმოსვლასთან, წესით, არანაირი კავშირი არ აქვს.

ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში „გარკვევის“ ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი, როგორც სხვა დროს, არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა?“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი