მომართვების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ მოცულობითი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. ინფორმაციას სახალხო დამხველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აპარატის მიერ მიღებული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ამგვარი შუამდგომლობების განხილვისას, სასამართლოს მსჯელობა უწევს რამდენიმე უფლებრივ საკითხზე, რომელთა შორისაა გაერთიანების თავისუფლებით დაცულ სფეროში და უფლებადამცველების საქმიანობაში ჩარევის ფარგლები; არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციართა უფლებები, მათ შორის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების საკითხები.
ვინაიდან, ასეთი საქმეები, შესაძლოა, მომავალშიც გახდეს სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი, ხოლო აღნიშნული საზედამხედველო მექანიზმების პრაქტიკაში აღსრულება სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, 2025 წლის 16 ივლისს, საქმის განმხილველი სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება წარედგინა. სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება ემსახურება სათანადო უფლებრივი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას და მიემართება ყველა იმ საქმეს, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებებზე მოუწევს მსჯელობა.