შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სექტორის დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული უ.ო, 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. 1999 წელს დაბადებული მ.კ. და 1996 წელს დაბადებული მ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბ.ბ-მ და მ.კ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით , უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულებმა უ.ო-მ და მ.ა.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“, - აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.