გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა

05 ივლისი 2025, 10:48 92 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელმწიფო ენის ცოდნა ყველა ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხით მართლაც გამორჩეულია ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყანა, რომლის თითოეული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოს ღირსეული შვილია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული ენის სწავლების გაძლიერება და მისი პოპულარიზაცია – ბილინგვური განათლების პროგრამა სწორედ ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება.

 

მისასალმებელია, როდესაც პროგრამაში ასეთი აქტიური ჩართულობაა. ჩვენს ქვეყანას მრავალფეროვნება და ტოლერანტობა ყოველთვის ახასიათებდა. ეს დღესაც ასეა და ყოველთვის ასე იქნება – ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ,  გვერდში ვუდგავართ და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა ერთნაირად ვამაყობთ ჩვენი სამშობლოთი. მართლაც სასიხარულოა, რომ პროგრამა წლიდან წლამდე ფართოვდება. მეტიც, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან არ დარჩეს სკოლამდელი დაწესებულება და სკოლა, რომელიც არ იქნება ჩართული ბილინგვური განათლების პროგრამაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა ბილინგვურ პროგრამაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ პროგრამის ასეთი წარმატებით განხორციელება თითოეული მათგანის დამსახურებაა.

კონფერენციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.

სამდღიან კონფერენციაში არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების ბილინგვური მასწავლებლები მონაწილეობენ და მის მიზანს წარმოადგენს ბილინგვური რეფორმის  ფარგლებში  საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის წარმოჩენა, პროფესიული გამოცდილების  გაზიარება და საუკეთესო ბილინგვური მეთოდიკის პრაქტიკაში დანერგვა. მონაწილეები ბილინგვური პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებენ როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბილინგვური განათლების პროგრამას 2020-2021 სასწავლო წლიდან ახორციელებს. მიმდინარე პერიოდისთვის ბილინგვური განათლების პროგრამა ფარავს 56 სკოლამდელ დაწესებულებასა და 200 საჯარო სკოლას/სექტორს. პროგრამის დანერგვა ეტაპობრივად დაგეგმილია ყველა არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში