არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ანტიკორუფციული ბიუროდან ორგანიზაციებში არსებული ინფორმაციის გადაცემაზე სასამართლოს განჩინება მიიღეს, აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს უარის მიუხედავად, არ აპირებენ „მოქალაქეების ნდობის ღალატს“. ამის შესახებ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენს საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ, ჩვენ მათ დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.