ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში 

26 ივნისი 2025, 20:04 97 ნახვა

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ იყო. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება.

უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.

ასევე, უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის ამოქმედების შედეგად, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება.

ამასთან, კანონპროექტი მოპასუხეს აკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავდა. კანონის პროექტით დაწესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში