მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ - ირაკლი კობახიძე

25 ივნისი 2025, 14:18 127 ნახვა

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე. 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მეთადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორინტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.

„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს რესურსი, თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრებაც, რათა მომსახურება ორიენტირებული იყოს პაციენტის განკურნებაზე.

„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც, რათა მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში