საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთში მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით საველე ოპერაციების შტაბი გახსნა

19 ივნისი 2025, 11:11 112 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთში მარცვლეულის აღების პროცესში მინდვრის ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სპეცტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოახდინა. ხანძრების პრევენციის მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგი დრონების მეშვეობით განხორციელდება.

„ზაფხულის სეზონზე ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში