რაც ჩორჩანაში მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი - გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ ჩააყენა საქმის კურსში და ეს თავისთავად ეჭვებს აჩენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით, საქმის კურსში არ ჩააყენა არც პრემიერ-მინისტრი, არც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია.
„არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით, საქმის კურსში არავინ ჩააყენა. მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და რა შუაშია?! საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც სხვა ძალოვანი სტრუქტურა და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. მე პირადად, მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არავინ ჩააყენა საქმის კურსში, ეს უკვე თავისთავად ხომ აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთ პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში?! ეს ნიშნავს იმას, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია რაღაც უცნაურს აკეთებდა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკურ დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან რეალურად.
რაც ჩორჩანაში მოხდა ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და თქვენ იცით რა შედეგები მოჰყვა მერე ამას. ამის მინი მოდელი იყო ჩორჩანა, გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებით, მილიონი კვადრატული მეტრის ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ეს არის განსახილველი“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იყო ზარი „დიფ სთეითიდან", რასაც მოჰყვა გახარიას პრემიერ-მინისტრად დაწინაურება.
„ამაზე მე ჩემი კომენტარი გაკეთებული მაქვს. იყო ზარი „დიფ სთეითიდან“ და ამას მოჰყვა მისი გაპრემიერება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაგრძელდა და დასრულდა ისე როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. გარკვეულ ეტაპზე გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო „დიფ სთეითან“, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ დღეს ჩვენ არავითარ ასეთ კომპრომისებს აღარ ვუშვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.