ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია - პაველ ჰერჩინსკი

12 ივნისი 2025, 11:03 162 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი არ უქმდება.

„რა თქმა უნდა, არსებობს შეკითხვა, დამსახურებულია თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. ეს დისკუსიები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ გვინდა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო საფასური რიგითმა ადამიანებმა გადაიხადონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეგვეჩერებინა და არა ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. თუმცა, დისკუსია გრძელდება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეუძლიათ“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში