მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია - ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი

05 ივნისი 2025, 14:05 183 ნახვა

მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა მისი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა.

"მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.

ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.

მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.

მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“,- აღნიშნულია დანიგანის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში