სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას დაკავებაზე ბრიუსელის გამოხმაურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში პოლიტიკური, დემოკრატიული და სამართლებრივი კრიზისია.
„გახსოვთ მაშინდელი განცხადებები, მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლიანი, თუმცა დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს ის განცხადებები, ანალოგიური განცხადებები, რომლებიც კეთდება დღესაც. ეს მეტყველებს ძალიან მძიმე კრიზისზე, რომელიც დღეს არის ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პოლიტიკური, დემოკრატიული და სამართლებრივი კრიზისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე შესუსტდება, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კრიზისის დაძლევა. იმედია, რომ ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ მოახერხებს კრიზისის დაძლევას. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განვითარდეს ევროკავშირი, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.