საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი, იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ.
ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით.
ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული – სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. წინ საქართველო, წინ“,- აღნიშნულია ევროკავშირის ელჩის ვიდეომიმართვაში.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი.
როგორც მელინე არაკელიანი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ნიდერლანდები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი.
„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მსურს, ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართევლოს“, – განაცხადა მელინე არაკელიანმა ვიდეომიმართვისას.
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებში და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
„1918 წლის 26 მაისს, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან და მას შემდეგ იბრძვის თავისუფლებისთვის. დღეს საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებში“, – წერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში.
ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას - წერს საქართველოში დანიის ელჩი.
„ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. თავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!”, – წერს საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი.
დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს გერმანიის ელჩიც.
„ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში. ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. გაგიმარჯოს საქართველო!”, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი.
როგორც მეიცადი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს უსურვებს.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება და სილამაზე უმალვე იპყრობს თვალს, მაგრამ რაც სამუდამოდ ტოვებს გულში კვალს, ეს მისი შინაგანი არსია – გამძლეობა, შემოქმედებითობა, კულტურული სიღრმე, ღირსებითა და იდენტობით გამორჩეული ხალხი. ამ ეროვნულ დღეს გისურვებთ უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს – დაფუძნებულს ამ ქვეყნისადმი ღრმა სიყვარულზე“, – წერს ჰადას მეიცადი.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ესტონეთი თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ვულოცავთ ჩვენს მეგობარს, მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს“, – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების მილოცვაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც სომხეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს, სომხეთი აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
„გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მისალოც ტექსტში.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! ბულგარეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის მიმართ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დიდი ხნის მეგობრულ კავშირებს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! 180 დღის განმავლობაში თქვენ მტკიცედ იდექით ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის. თქვენი ხმა ისმის და ის შთააგონებს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და ერთიანობის ძალის. დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო!”, - აღნიშნავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს ყველა მეგობარს საქართველოში ეროვნულ დღეს!“, - წერს უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.