ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემები ბათუმში - დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად დაშავდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანს აღენიშნება მოტეხილობები. მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, ქალს კი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს გაწერენ. ძლიერმა ქარმა სხვა პრობლემებიც შექმნა.
სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებდა, დაგვიანებით, თუმცა რეისი შესრულდა. პრობლემა იყო ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა დენის მიწოდება მალევე სრულად აღდგა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებენ მონიტორინგს. უწყების ცნობით, უამინდობის გამო ქალაქში შექმნილი პრობლემების თაობაზე ახალი შეტყობინებები ღამის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კი გრძელდება.