9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის - შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2025, 08:11 173 ნახვა

"ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. გწერთ თქვენი სიცოცხლის მონატრე.." - 1945 წლის 18 თებერვალს, ფრონტიდან, ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი, ბოლო აღმოჩნდა. 

9 მაისთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

"9 მაისს საქართველოში ვზეიმობთ გამარჯვების დღეს, 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად.

საქართველოდან, ამ გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე, 300 000 ადამიანი დაეცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ.

ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ. 

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის მამა, პაპა, დიდი პაპა არ მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. დღემდე ცოცხლები არიან ომის მონაწილე ვეტერანები.

გასული 80 წლის განმავლობაში 9 მაისის აღნიშვნა ჩვენს განუყოფელ ტრადიციად იქცა, რაც დღევანდელ გამრუდებულ ყოფაში ცოცხალი შეხსენებაა იმისა, თუ რანი ვიყავით გუშინ, სად ვიდექით, რისთვის ვიბრძოდით და რანი ვართ დღეს.

დღეს, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება.  

წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და ათასი მსგავსი განწვალება და უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ - მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა, საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის, უცხო გავლენით, ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.

ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე, ამ იდეოლოგიის მატარებელ სოცმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას.

9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის. ამ წვლილის, ამ მსხვერპლის და ამ გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება.

ქართველი ხალხი საკმარისად ძველი, მრავალჭირნანახი და ბრძენი ხალხი ვართ იმისთვის, რომ  წარსულით, ვინმეს, ჩვენი შერცხვენა გაუვიდეს. ჩვენი ისტორია მთლიანია. ბედის ავბედითობით რაც გაგვივლია, ჩვენმა წინაპრებმა ღირსეულად გაიარეს. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ჩვენ ყველანი მხოლოდ საქართველოსთვის ვიბრძოდით და ასეც გავაგრძელებთ.

80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა. სწორედ ამიტომ იყო ეს ომი ჩვენი სამამულო ომი.

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ.

გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს", - წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში