საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს საელჩოს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, უსაფრთხოების ოფისმა რეკომენდაცია გააუქმა - აშშ-ს საელჩო

08 მაისი 2025, 12:50 109 ნახვა

აშშ-ის საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს. საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრში – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“ , ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით იქნა გაცემული.

„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიასიახლეებს და ყურადღებით იყვნენ საკუთარ გარემოცვაში.

ცნობისთვის, 7 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

დიპლომატიურ უწყებას განცხადებით უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც საელჩოს მოუწოდა თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში