სუს-მა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ინტერპოლით ძებნილი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

02 მაისი 2025, 17:05 258 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

"კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს"-განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში