ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა - ირაკლი ჩიქოვანი 

30 აპრილი 2025, 14:13 94 ნახვა

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თავდაცვის ძალებმა საკუთარი ისტორია გმირობითა და სისხლით დაწერეს.

მისი განმარტებით, ქართული ჯარისადმი საყოველთაო ნდობა და სიყვარული სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული.

„ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას“, – განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების განვითარების გზაზე განხორციელებულ მნიშვნელოვან ეტაპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა ჯარმა ჩამოყალიბებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპები გაიარა.

„ყველაფერი 34 წლის წინ დაიწყო, როდესაც 1991 წლის 30 აპრილს ოფიციალური გაწვევა გამოცხადდა და ათასობით ახალგაზრდა ენთუზიაზმითა და სიამაყით ეწერებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში. ეროვნულ გვარდიას გამოწვევებით სავსე და ეკლიანი გზა ელოდა წინ ჩვენი სამშობლოს დასაცავად, თუმცა მის ბაზაზე, სამშობლოსთვის თავგანწირვის სულისკვეთებით შეიქმნა და განვითარდა ქართული ჯარი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა 34 წლის განმავლობაში ქართული ჯარის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით გამოყო 117 სამხედრო, რომლებიც თავდაცვის ძალებში 30 წელზე მეტია, მსახურობენ და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში