გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს - პრემიერი

30 აპრილი 2025, 11:27 90 ნახვა

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჯარისკაცებს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"მივესალმები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მთელს შემადგენლობას, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს! გილოცავთ დღევანდელ დღეს - საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როდესაც დიდი სიამაყით წარმოვაჩენთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გპირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

 

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები. პრემიერმა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა შეიარაღებული ძალების ვეტერანებს.

"ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის, თქვენ უპირველესი ადგილი გიჭირავთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს,“- განაცხადა პრემიერმა.

დღეს ქართული არმია დაარსებიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში