კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე.
„საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა, შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს. აქვე მსურს აღვნიშნო საქართველოს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში. მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. შეხვედრა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველად და იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა.
„ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის ეუთო-ს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთოსადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ, თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით თქვენ საქართველოში სტუმრობისთვის, ჩამობრძანებისთვის, განსაკუთრებით ამ საკმაოდ რთულ, გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად გაცნობიერებისთვის, ცოდნისთვის. მინდა, გისურვოთ ასევე წარმატება, როგორც გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომლის ვალდებულებაც არის ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მას ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის. მიმდინარე წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ეუთოს და ასევე გენერალური მდივნის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის თანამშრომლობის მზაობას უსვამს ხაზს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.