თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომას ესწრებოდა გივი თარგამაძეც.
შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.