საქართველოს ბიზნესკლიმატი და გარემო მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში – OECD-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი გარემოს შეფასების ინდექსში საქართველო მერვე ადგილზეა მმართველობის კუთხით ანუ აქ არის ისეთი გარემო, სადაც მიესალმებიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, უზრუნველყოფილია კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მობილობა და არ არის არანაირი შეზღუდვა არც ვალუტის კონვერტაციაზე, არც კაპიტალის რეპატრიაციაზე – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები“ იყო.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მსოფლიო ბანკის ე.წ. ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო იყო მეშვიდე ადგილზე, რომელიც შეცვალა მსოფლიო ბანკმა და ბიზნესისთვის მზაობის საპილოტე რეიტინგში საქართველომ დაიკავა მესამე ადგილი სინგაპურისა და ესტონეთის შემდეგ.
„ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ ჩვენ ქვეყანაში მმართველობის ხარისხი არის საკმაოდ კარგი, სანდო და სერვისები ყოველწლიურად უმჯობესდება – ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი არის უწყვეტი და მუდმივი. ამიტომ, ამ კუთხით, ჩვენ ამ კონკურენტუნარიანობაზე ვზრუნავთ, ასევე, ხაზგასასმელია ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზოგადად, განაპირობებს ჩვენი ბიზნესკლიმატის მიმზიდველობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაში „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები“ მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.