ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები - თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

14 აპრილი 2025, 13:27 210 ნახვა

ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას ოპერაციის მართვისას და ყველაფრის გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, მათ შორის ტყვიების გამოყენებაზე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს პასუხობს.

წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარია ახლა კონკრეტულ პოლიციელებს აბრალებს, რომ მათ ბრძანების გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვიები.

"ახლა ამბობთ, რომ ეს კონკრეტული ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და მაპატიეთ, ასე უნდა ვთქვა, ვინაიდან სხვა არაფერი მომხდარა ამ წუთში, გარდა იმისა, რომ თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე მათ ითავხედეს და თვალები დასთხარეს ვიღაცებს. ან ასე იყო, ან ასე არ იყო – თქვენ უნდა თქვათ, მაგრამ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს, ინტერვიუში ყველგან ამბობთ, მე გავეცი ეს ბრძანება და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო. მე პირადად, ვეღარ გავიგე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა: „ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ხალხს თვალები“.

კომისიის სხდომაზე მცირე შეკამათაება მოჰყვა გიორგი გახარიას კომენტარს, "ვეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, რადგან „ვბუქსაობთ“. 

გახარიას ამ რეპლიკას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა უპასუხა.

„ბატონო გიორგი, თქვენ აღარ ხართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ძალიან გთხოვთ, „ვბუქსაობთ“, არ „ვბუქსაობთ“...., - მიმართა მას წულუკიანმა, რასთან დაკავშირებითაც, გახარიამ განაცხადა, რომ, აღნიშნულზე პრეტენზია არც აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში