დღეს ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველად მივიღეთ შვეიცარიული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ედელვაისის“ პირდაპირი რეისი, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ წარმატებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლებიც წარმატებით დასრულდა.
„ედელვაისის“ შემოსვლა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის და დივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის. საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისი მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება. ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ პირველივე რეისი, რომელიც დღეს თბილისის აეროპორტმა მიიღო, სრული დატვირთვით შესრულდა, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ შვეიცარიიდან საქართველოსთან მიმართებაში მოთხოვნა არის, იზრდება და თავად ავიაკომპანიაც აღნიშნავს, რომ შემდეგ რეისებზეც მოთხოვნა და დატვირთულობა ასევე მაღალი იქნება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან.
„შეიძლება ჩაითვალოს, რომ წლევანდელი წელი ნამდვილად ისტორიული და რეკორდული წელია, რადგან, მათ შორის, შვეიცარიასთან, ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე, როგორც ციურიხიდან და ეს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა ტურიზმის სექტორში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის და ავიარეისებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია Edelweiss საქართველოში ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.