ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც - პატრიარქი

13 აპრილი 2025, 10:59 216 ნახვა

ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც პატრიარქი ამბობს, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც.

„დღეს არის უფლის მეგობრის, 4 დღის გარდაცვლილი ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების ხსენება და ქართული ენის დღესასწაული. ლაზარეს უკავშირდება იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა; ბეთანიაში მომხდარმა ებრაელები გააოგნა და ყველამ, - თვითმხილველთაც და სხვათაც, ირწმუნეს მაცხოვრის ღმერთობა.

 

X ს-ის მოღვაწის, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც.

 

ინებოს უფალმა ამის აღსრულება!

 

ლაზარეს აღდგინების მეორე დღეს, პასექის დღესასწაულზე, იერუსალიმში მიმავალ მაცხოვარს მთელი ხალხი მიწაზე ყვავილებს, თავიანთ სამოსელს, პალმის (ბაიას) რტოებს უფენდა და ჩვილი ბავშვებიც, უფროსებთან ერთად, ხმამაღლა სიხარულით გალობდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!“

 

ეს იყო იესო ქრისტეს ამქვეყნად მყოფობის 33 წლის მანძილზე მთელი ერის უდიდესი ნაწილისაგან მისი ღმერთად და მეუფედ აღიარებისა და თაყვანისცემის ერთადერთი დღე. ამიტომაც, ბზობა განსაკუთრებული ზეიმია.

 

იერუსალიმში მიმავალო, კიცვსა ზედა მჯდომარეო, უფალო ჩვენო, ჩვენც გაგიფენთ ჩვენს სამოსს, ჩვენს სულს, გულსა და სიყვარულს და შეგთხოვთ: ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, ნურასდროს განგვეშორები და დიდითა სულგრძელებითა შენითა შეგვიწყალენ.

 

ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“, - წერია პატრიარქის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში