საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში „რამშტაინის ფორმატში“ გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას დაესწრნენ ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები. საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გახსნეს.
სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.