ჩვენი ტირილის ხმა როცა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა. მამაჩემმა გვითხრა, როგორმე თავი შეგვეკავებინა, რომ ჩვენი ხმა არ გასულიყო. ჩვენი ხმა სახლიდან როცა აღარ გადიოდა, ტყვიებმაც იკლო და ცოტა ხნის შემდეგ სროლა შეწყდა, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ლედი აფრასიძის თქმით, მათი მიზანი იყო, ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო.
„ვერც კი მივხვდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს, რადგან წარმოუდგენელი იყო ის, რაც მოხდა. ამ დროს, ცხადია, პატარა ბავშვები, მათ შორის, დედაჩემიც, ბებიაც ვტიროდით, ვკიოდით და ჩვენი ხმა გარეთ გადიოდა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ტირილის ხმა როცა იმატებდა, თუ უფრო მძაფრად გადიოდა გარეთ, ტყვიებიც იმატებდა. სროლა მატულობდა და უფრო ძლიერი ხდებოდა. ბოლოს, მამაჩემმა გვითხრა, როგორმე თავი შეგვეკავებინა, ისე, რომ ჩვენი ხმა იქიდან არ გასულიყო. არ ვიცი, როგორ, მაგრამ შევძელით, აღარ გვეკივლა, აღარ გვეტირა. ამ დროს, როცა ჩვენი ხმა სახლიდან აღარ გადიოდა, ტყვიებმაც იკლო და ცოტა ხნის შემდეგ სროლა შეწყდა. მათი მიზანი იყო, ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო. როცა დარწმუნდნენ, რომ სახლიდან არავის ხმა აღარ გამოდიოდა, სროლაც მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.
მისივე განცხადებით, სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ კარგად იცოდნენ, რომ იმ სახლში, სადაც ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, პატარა ბავშვები ვიყავით.
როგორც მან აღნიშნა, ომეხი აფრასიძე ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა დახვრიტეს.
„ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი იყო ომეხი აფრასიძე. რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ სვანეთში და არამარტო სვანეთში და მიზანი რომ ყოფილიყო დამნაშავის დაკავება, დამნაშავესაც ხომ უნდა დადგენა და შესაბამისი პროცედურები, ეწარმოებინათ გამოძიება, ჩაეტარებინათ სასამართლო, დაეკავებინათ ომეხი და თუ იმსახურებდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის იყო დამნაშავე, შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ მისთვის. ის ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა ცხადია, დახვრიტეს. დახვრიტეს ისე, რომ ჯერ დანით მიაყენეს ჭრილობები, შემდეგ ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით უამრავი ჭრილობა მიაყენეს და მისი ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი“, - განაცხადა ლედი აფრასიძემ.
მისივე თქმით, ომეხის დახვრეტა მას შემდეგ მოხდა, რაც სროლა შეწყვეტილი იყო და ფაქტს ჰყავს თვითმხილველები.
ლედი აფრასიძის თქმით, გოჩა აფრასიძეს დაკავების დროს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და უკვე დაკავების შემდგომ მიაყენეს მას დანით სასიკვდილო ჭრილობები, შემდეგ კი ოპერაცია დაგვიანებით, გამაყუჩებლის გარეშე გაუკეთეს.
„გოჩა და ომეხი სახლიდან ერთად გამოიყვანეს. მასაც ხელბორკილები ედო. ისიც თავისი ფეხით გამოვიდა იმ სახლიდან, ისე, რომ არავითარი დაზიანება მას მიყენებული არ ჰქონდა და უკვე ამის შემდეგ მას დანით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები, გადააფარეს პლედი, ჩათვალეს, რომ ისიც უკვე მკვდარი იყო და მათი მიზანი ამ მიმართულებითაც განხორციელებული იყო და გარკვეული დროის მერე აღმოჩნდა, რომ ხელს ამოძრავებდა გოჩა და ამის შემდეგ პულსი შეუმოწმეს, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო და უკვე ამის შემდეგ გადაიყვანეს ვერტმფრენით ქუთაისში, სადაც მას ჩაუტარეს ოპერაცია. თუმცა ეს ოპერაციაც ჩაუტარეს გარკვეული დროის შემდეგ და ჩაუტარეს ისე, რომ არავითარი გამაყუჩებელი, ნარკოზიც კი არ გაუკეთეს მას და უკვე დაკავების პირველივე წამიდან დაიწყო გოჩას მიმართ წამება“, - განაცხადა ლედი აფრასიძემ.
ლედი აფრასიძის განცხადებით, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, თუმცა მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო.
მისივე თქმით, თქმით, ძვლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის პარალელურად, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აფრასიძეების ოჯახში იპოვეს გვამები, რომლებიც იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ.