საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება ემსახურება იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს შექმნილი, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობას და პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ერთგვარად კამპანიური ხასიათი აქვს საქართველოზე შეტევას, სანქციების ინსტრუმენტის გამოყენებას.
„ვხედავთ, რომ ეტაპობრივად, დროგამოშვებით, ერთი და იგივე მიზეზით ხდება სხვადასხვა ადამიანების დასანქცირება, რაც პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ საქართველოში, შიგნით პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს შექმნილი და ეს საკითხები იყოს შიდა პოლიტიკური განხილვების საგანი და რა თქმა უნდა, ეს არის ნაბიჯი და ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობას და პარტნიორობას. რა თქმა უნდა, ეს უშლის ხელს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას და აზიანებს საერთო ინტერესებს, რაც შეიძლება გვქონდეს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე შეიძლება პარალელების გავლება და ვნახავთ, როგორ ხდება ორმაგი სტანდარტის გამოყენება საქართველოს შემთხვევაში.