პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ამ წუთებში აფრასიძეების საქმის დეტალებს ისმენენ. ინფორმაცია მათ 2004 წლის სპეცოპერაციის შესახებ, თავად აფრასიძეების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.
კონკრეტულად კი, როგორ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს, ხოლო გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს. მათი ნაამბობით, სროლა დილის 7 საათზე დაიწყო, ამ დროს, როგორც ამბობენ სახლში იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები.
საუბარია შმაგი აფრასიძის შვილებზე, რომლებმაც დღეს კომისიის წევრების წინაშე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მომხდარი და ის თუ როგორ გადაარჩინეს მშობლებმა სიკვდილს.
დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ევგენი აფრასიძეს, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს, ძებნილის ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის სტატუსი არ ჰქონია, ძებნილის სტატუსი მისი თქმით, ჰქონდა მხოლოდ ომეხ აფრასიძეს.
მასთან კომუნიკაცია კი თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფოს წარმომადგენლებს საჭიროების შემთხვევაში ჰქონდათ და ის არ იმალებოდა.