11-13 აპრილს თურქეთი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს. თურქეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, ფორუმში საქართველოს უმაღლეს დონეზე მონაწილეობა ხელს შეუწყობს როგორც საქართველო-თურქეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე თანამშრომლობის გააქტიურებას სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან.
არჩილ კალანდიას თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაცია ანტალიაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით იმყოფება.
"დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი. ანტალიის დიპლომატიური საერთაშორისო ფორუმი ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა თურქეთში, რომელიც იმართება ყოველწლიურად და ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ, მაგრამ წელს ვართ წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე, რაც მიუთითებს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის. გაიმართება მნიშვნელოვანი პანელი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები. ამ პანელის სახელწოდებაა „პარტნიორობა ახალ, მულტიპოლარულ ეპოქაში“, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირები. ამ ფორუმში საქართველოს უმაღლეს დონეზე მონაწილეობა ხელს შეუწყობს როგორც საქართველო-თურქეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე თანამშრომლობის გააქტიურებას ჩვენს სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.