ევროპულ სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით თებერვალში ზეპირი მოსმენა გაიმართა და მთავარი შეკითხვა იყო, რამდენად შეიძლებოდა ამ ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან მინიმალიზებული ყოფილიყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მითითება – შენიშვნა უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რადგან ამ ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელება ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული.
როგორც ბექა ძამაშვილი განმარტავს, ევროპულმა სასამართლომ კითხვები სახელმწიფოს დაუსვა და შესაბამისად, პასუხი გასაცემია სახელმწიფოს შიგნით და სახელმწიფოს ასარჩევია, ეს რა ფორმატში მოხდეს.
„20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პალატამ გამოაცხადა გასული წლის მაისში, ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ევროპულ სასამართლოს რაიმე შეკითხვა ან შენიშვნა არ ჰქონია საქართველოს კანონმდებლობასთან – მანიფესტაციებთან და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან. ასევე გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ 20 ივნისს სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ძალა, რადგან მანიფესტაციამ მიიღო ძალადობრივი სახე, თუმცა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა მითითება და შენიშვნები, თუ რამდენად სწორად მოხდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება, რამდენად შეიძლებოდა ზიანის შემცირება, აცილება ან მინიმიზაცია. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ თებერვლში დიდ პალატაშიც გაიმართა ზეპირი მოსმენა და მოსამართლეებს შეკითხვა ამ მიმართულებით ჰქონდათ. მთავარი შეკითხვები იყო, რამდენად შეიძლებოდა ამ ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან მინიმალიზებული ყოფილიყო. გახარია? სტრასბურგის სასამართლოს ეს მითითება- შენიშვნა, რაც სახელმწიფოსთან მიმართებაში არის გაკეთებული ფაქტობრივად უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რადგან ამ ოპერაციის დაგეგმვა/ განხორციელება სწორედ ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული. ეს კითხვები ევროპულმა სასამართლომ დაუსვა სახელმწიფოს და შესაბამისად, კითხვებზე პასუხი გასაცემია სახელმწიფოს შიგნით. რა ფორმატში მოხდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს ფორმატი, მათ შორის ერთ-ერთი ფორმატი შეიძლება, იყოს პარლამენტში არსებული საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.