გაერთიანებულმა სამეფომ სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე შეიყვანა. სანქცირებულთა განახლებული სია გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა შორის არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.
აღნიშნულ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, ხოლო სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეგულაციები შედგენილია „სანქციების აქტის“ ფარგლებში (2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის შესაბამისად) და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაწესებას, კერძოდ, სახსრების გაყინვას.