2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლის, ციცინო შავაძის განცხადებით, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ დღემდე მუქარები გრძელდება.
ციცინო შავაძის თქმით, გაჩერებას არ აპირებს, ვიდრე დასჯილი არ იქნებიან მკვლელობის დამკვეთებიც.
"მუქარები გრძელდება დღემდე. ყველაფერზე წამსვლელი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბოლომდე იყვნენ დამკვეთები დასჯილი. მე არ ვიცოდი მკვლელების სახელი, პირდაპირ ვამბობ, მე არ ვიცოდი მკვლელების, არც ერთის სახელი, გვარი, საიდან უნდა მეთქვა? მადანაშაულებენ, რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი. უბრალოდ, ვერ ხვდებიან, რომ მათ ყველამ აღიარა, იყვნენ ადგილზე, განახორციელეს დაჭერა, გაისროლეს და დამნაშავე მე ვყოფილვარ. მე არავის სახელი და გვარი არ დამისახელებია. არავის არ ვიცნობდი.
ერთ-ერთმა მკვლელმა, რომას მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, იყიდა ბინა ჩემს გვერდით კორპუსში და დასახლდა. წარმოგიდგენიათ თქვენ, რა დანაშაულს სჩადიოდნენ? მინდა, ქვეყანამ კი არა, მსოფლიომ გაიგოს, რას წარმოადგენდა მაშინდელი მთავრობა. მინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ,,მოდგმა“ არ არსებობდეს არსად. ყველას მოვუწოდებ, ჩვენ დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს, აღარ გვაქვს არც ოჯახი, არც ბედნიერება და არც მომავალი და კარგად იფიქრონ, გააკეთონ ყველაფერი სამართლიანად, არ შეიძლება, ამ ხალხს ენდო. გაჩერებას არ ვაპირებ, ერთადერთი თხოვნა მაქვს, ვიღაცამ ხომ დაუკვეთა ეს, კი, დაიჭირეს მკვლელები, ყველამ აღიარა, რომ იყვნენ ადგილზე, ესე იგი, ჩაიდინეს ჯგუფურად მკვლელობა. მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში, ვიღაცამ ხომ გასცა ბრძანება, გაეკეთებინა ეს კუდ-ის თანამშრომლებს, ისე ხომ ვერ ჩაიდენდნენ, თუ არ ექნებოდათ ბრძანება.
მეორე დღეს საქართველო დატოვა მერაბიშვილმა. რას უკავშირდება ეს, არ ვიცი. თუ ვინმემ რამე იცით ამ თემასთან დაკავშირებით, რისთვის დაიგეგმა ეს? თხოვნა მაქვს, დასჯილი იქნეს დამკვეთები. არის მუქარა, რომ ეს საქმე ასე არ დარჩება, რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ბიჭები. მსჯავრდებულების ახლობლების ოჯახის წევრები წერენ ფეისბუქგვერდებზე და ყველგან“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.
კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მუქარებს თვალს მიადევნებენ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით.
„სტრასბურგმა თქვა, რომ როინ შავაძე მოკლულია სახელმწიფოს ხელით და იქვე დაადგინა, რომ ეს საქმე სათანადოდ გამოძიებული არ არის. ამის შემდეგ გააქტიურდა გამოძიება და დასჯილები არიან ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. შესაბამისად, მათ, მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერ მუქარას ჩვენ თვალს მივადევნებთ და მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ქალბატონმა ციცინომ ამდენი ბრძოლის შედეგად მოიპოვა მშვიდად ყოფნის და მშვიდად გლოვის უფლება, მასზე მუქარები უნდა შეწყდეს. ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და თქვენ გთხოვთ, რომ კონფიდენციალურად, მოგვაწოდოთ იმ პირების კონკრეტული გვარები და სახელები, ვინც თქვენზე მუქარას ან შევიწროებას გაბედავს“, – მიმართა თეა წულუკიანმა ციცინო შავაძეს.
ციცინო შავაძის განცხადებით, სერჟანტის მკვლელობა წინასწარ ჰქონდათ განზრახული.
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და სისრულეში მოიყვანეს. ქობულეთის შემდეგ არის ქაქუთი, სადაც ბუნებრივი მოთხოვნილების გამო, გაუჩერეს მანქანა კაცს, უბრალოდ ვერ დაფიქრდნენ, რომ მას მარჯვენა ბარძაყში ჰქონდა ფეხი გადატეხილი, ხელი მოტეხილი. კაცს, რომელსაც ხელის თითები ჰქონდა გადამტვრეული. ხელის თითები იმდენად გადამტვრეული ჰქონდა, რომ ცხედარს ჩვენ ის "ლეიკოთი" დავუმაგრეთ, ტყავს ეჭირა უბრალოდ. ამის ვიდეოკადრები არის და შეგიძლიათ ნახოთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო დადგმული და წინასწარ განზრახული. ისდახვრიტეს ბათუმის კუდ-ის თანამშრომლებმა“, - აღნიშნა ციცინო შავაძემ.