ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს გადაუდებელ დებატებს გამართავს, - ინფორმაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დღესვე ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
რეზოლუციის პროექტში ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი. სასწრაფოდ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები. შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელსაყრელია ჭეშმარიტად დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც გამოცხადდება მომდევნო თვეებში. რეზოლუცია ასევე აკრიტიკებს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღებულ ცვლილებებს. ასამბლეა გამოდის მოწოდებით, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და მოხდეს დაკავებულებზე ძალადობის ფაქტების ობიექტური გამოძიება.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით. ასამბლეა გმობს უმრავლესობის გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისიაზე, ასევე შეშფოთებულები არიან, რომ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებს, ასევე სხვა პიროვნებებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ კომისიის წინაშე წარდგენაზე.